საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Figaro 08.12.2010, იზაბელ ლასერი

საქართველოს ხელისუფლებამ დააკავა ბომბების დამდები პირები, რომლებიც თურმე რუსი ოფიცრის დაკვეთით მოქმედებდნენ.

ხუთი ბომბი აფეთქდა, დაიღუპა ერთი, რამდენიმე კი დაიჭრა, 13 ასაფეთქებელი ნივთიერება იქნა ამოღებული და გამოაშკარავდა დანაშაულის კვალიც, რომელიც მოსკოვამდე მიდის.  სექტემბერში მომხდარი რამდენიმე გასაიდუმლოებული შეტევის შემდეგ, რომელმაც მთელი თბილისი შეძრა, მხოლოდ გასულ სამშაბათს გამოაცხადა საქართველოს ხელისუფლებმა 6 პირის დაკავების შესახებ, რომელთა საქმის დამკვეთი და კოორდინატორი რუსების მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს.

ყოფილი სამხედრო და ასაფეთქებელ ნივთიერებათა სპეციალისტი და აფხაზეთში, ქალაქ გალში მცხოვრები ქართველი გიორგიკა არქანია რუს ოფიცერს, ევგენი ბორისოვს დაუქირავებია, შემდეგ კი თანამშრომლობაზე მუქარით დაუყოლიებია, თორემ «ოჯახს პრობლემები შეექმნებაო». დამკვეთის მიერ მისთვის მიწოდებული თანამგზავრიდან გადაღებული გამოსახულებებზე დაყრდნობით, არქანიას მიერ პირველად დადებული ბობმბი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის იყო გამიზნული, რომლის ერთი კედელი 22 სექტემბრის აფეთქების შედეგად დაინგრა.  2 ოქტომბერს კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს იმ მატარებელში, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობს. ეს უკანასკნელი არ აფეთქდა. ავტომაგისტრალი და სუპერმარკეტიც იყო მიზანში ამოღებული. 29 ნოემბერს, ოპოზიციური, ლეიბორისტული პარტიის ოფისი გახდა სამიზნე. ამ აფეთქებისას ერთი, 63 წლის ქალბატონი დაიღუპა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, საქმეში ფიგურირებს არქანაიას პოლიციისათვის მიცემული აღიარებითი ჩვენება, ასევე კომპანია Aმობილე-ის მეშვეობით განხორციელებული ევგენი ბორისოვის სატელეფონო მოსმენები. ორი თვის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში მომხდარი აფეთქებები, რამაც მოსახლეობა შეაძრწუნა, ადგილობრივი პრესისათვის მთავარი თემა გახდა. «დღემდე არ იყო ცნობილი ამ აფეთქებების ავტორები», აცხადებს შინაგან საქმეთა წარმომოადგენელი. გასულ სამშაბათს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაგნო ამ ქსელის მეთაურის, გოგიტა არქანაიას კვალს და ეს შესაძლებელი გახდა ლეიბორისტული პარტიის ოფისთან დაყენებული კამერების მიერ გადაღებული სურათების მეშვეობით. სამინისტრო ამტკიცებს, რომ ამ აფეთქებებს შორის არსებობს კავშირი.

თბილისი ადასტურებს, რომ დამკვეთები რუსები არიან. ევგენი ბორისოვი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე აფხაზეთის სამხრეთით განთავსებულ სამშვიდობო ჯარებში ირიცხებოდა, დარეგისტრირებულია ქალაქ ვორონეჟში, თავდაცვის სამინისტროში. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, იგი ოფიციალურ თანამდებობას ინარჩუნებს აფხაზეთში. როგორც წესი, რუსეთში არ ხდება, რომ ოფიცერი მისი მეთაურების და ცენტრის, ანუ მოსკოვის თანხმობის გარეშე მოქმედებდეს.   

კრემლის გაღიზიანება

"მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა ფართომასშტაბიანი ტერაქტები და არც ბომბები იყო გათვლილი მრავალ მსხვერპლზე, ჩვენ საქმე მაინც გვაქვს ოფიციალურ პირებთან რომლებსაც ოკუპირებებული აქვთ უცხო ქვეყნის ერთი ნაწილი ტერაქტებს აწყობენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ’’. ასკვნის საქართველოს Mმთავრობასთან დაახლოვებული წყარო. რა მიზნით?: "რათა მოეხდინა ქვეყნის დესტაბილიზაცია და გამოჩენილიყო, რომ ეს ქვეყანა არაა სანდო”. კრემლი არასდროს მალავდა თავის გარიზიანებას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, რომელიც მას ეურჩება და უარს ამბობს საკუთარი ქვეყნის კრემლის ბუდეში დაბრუნებაზე. სხვათა შორის ვიკილიკის მიერ გაჟონილი ინფორმაციებიდანაც ჩანს რუსეთის მიერ რეგიონში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ განგებ განხორციელებული საბოტაჟები.

საქართველოს მთავრობამ, რომელმაც, ამ ოთხშაბათს საჯარო გახადა ეს ინფორმაცია, აპირებს   მოსკოვს ევგენია ბორისოვის გადმოცემა მოსთხოვოს. თუმცა არ სურს, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან რუსეთისათვის ხელის გაწვდიდან რამდენიმე კვირის თავზე ჩხუბის ახალი საბაბი მისცეს. ოთხშაბათს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ინციდენტის კომენტირებისას თავი აარიდა რუსეთის ხსენებას, მაშინ როცა მოსკოვი აღნიშნულს «ქრონიკული შპიონაჟით დაავადებული საქართველოს მთავრობის გამოგონილებს» უწოდებს.