საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის მიერ საქართველოსთვის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შეთავაზებასთან დაკავშირებით

 

მიმდინარე კვირას, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ცალმხრივად გააუქმებდა რუსეთის მოქალაქეებისათვის დაწესებულ სავიზო რეჟიმს. აღნიშნული ქმედება ხაზს უსვამს საქართველოს მზადყოფნას კარი გაუღოს რუსულ ბიზნესს, ინვესტორებს და ტურისტებს, რათა გააძლიეროს ხალხთაშორისი ურთიერთობები და ხელი შეუწყოს ორ ერს შორის კულტურულ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთქმედებას.

საქართველო მიესალმებოდა, თუ საპასუხოდ რუსეთიც გადადგამდა მსგავს ნაბიჯს და გააუქმებდა სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისათვის. ეს იქნებოდა ინიციატივა რომელიც ჭეშმარიტად გაამყარებდა ორ ერს შორის ურთიერთობებს. თუმცა, აღნიშნულის ნაცვლად, რუსეთის მთავრობამ წამოაყენა რიგი პოლიტიზირებული წინადადებებისა, რაც სათუოს ხდის რუსეთის მზაობას გადადგას მსგავსი ნაბიჯები.

დღეს რუსეთმა გამოიყენა პოლიტიკური შოუს ელემენტები, როდესაც გააკეთა შემოთავაზება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ცხადია, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე განთავსებული იქნება რუსეთის ფედერაციის მხოლოდ ერთი საელჩო და არა სამი, როგორც ეს დღევანდელი მდგომარეობითაა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა და საქართველოს მთავრობამ მრავალჯერ დააფიქსირეს თავიანთი მზადყოფნა რუსეთთან ნებისმიერ დონეზე უპირობო დიალოგის გამართვის შესახებ რაც შესაძლებელს გახდიდა იმ საკითხების საფუძვლიან განხილვას, რომლებიც ყოფენ ორ ქვეყანას. აღნიშნული საკითხების ნუსხაში, აგრეთვე, შედის რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% ოკუპაცია, მის მიერ წარმოებული ეთნიკური წმენდის კამპანია - რომელმაც 400 ათასზე მეტი ქართველი საკუთარ ქვეყანაში იძულებით დევნილ პირად აქცია - ისევე, როგორც რუსეთის უარი აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

ხსენებული სერიოზული საკითხების თაობაზე არსებითი დიალოგის წარმოება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის აუცილებელ წინაპირობას. საქართველოსა და რუსეთს შორის სრულყოფილი დიალოგის შედეგი უნდა იყოს, არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, არამედ უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და ორივე ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიული საზღვრების აღიარება.

დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ბუნებრივად მოჰყვება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც.

თბილისი, 2012 წლის 3 მარტი