საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საშინაო საქმეთა ევროკომისრის სესილია მალმსტრომის საქართველოში ვიზიტის შესახებ

ევროკომისარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სავიზო დიალოგის ფარგლებში საქართველოს მიერ შესასრულებელი სამოქმედო გეგმა გადასცა.ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის წარმართვის საფუძველს. საქართველოს მიერ აღნიშნული გეგმის წარმატებით აღსრულების შემთხვევაში, შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროკავშირის სივრცეში (შენგენის ქვეყნებში) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის გახსნა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. იგი ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების ეფექტურ მექანიზმსა და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერების ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს.სამოქმედო გეგმა ორი ფაზისგან შედგება (საკანონმდებლო და ოპერატიული). იგი გულისხმობს რეფორმების განხორციელებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის მართვა, მიგრაცია, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები.საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა წარმატებით განახორციელოს სამოქმედო გეგმის საკანონმდებლო ფაზით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო შემდგომ ეტაპზე დაიწყოს მისი ეფექტური იმპლემენტაცია. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ექსპერტები ქართული მხარის მიერ შესრულებულ სამუშაოებს შეაფასებენ. დადებითი შეფასების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება სამოქმედო გეგმის მეორე - აღსრულების ფაზაზე გადასვლა.საშინაო საქმეთა საკითხებში ევროკომისარი სესილია მალმსტრომი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდება.