საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„პარიზში, UNESCO-ს სათაო ოფისში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეხვედრა ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან.

მაია ფანჯიკიძემ მიულოცა ირინა ბოკოვას UNESCO-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის მეორე ვადით წარდგენა და მადლობა გადაუხადა ორგანიზაციას საქართველოს მიმართ წლების მანძილზე გაწეული ფინანსური და საექსპერტო დახმარებისათვის. 

"იუნესკოს“ ეგიდით საქართველოში ძალიან ბევრი პროექტია განხორციელებული. ჩვენ გვსურს, რომ წელს, ქართული ღვინის წარმოების ტრადიცია, რომელსაც ქვია ქვევრის ღვინო, შევიტანოთ „იუნესკოს“ არამატერიალური ფასეულობების სიაში. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება დეკემბერში ბაქოში და ამისათვისაც რა საკვირველია საჭიროა მსგავსი შეხვედრების ჩატარება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ „იუნესკოს“ რამდენიმე კომიტეტში, წარვადგინოთ ჩვენი რამდენიმე კანდიდატურა და აქაც გვჭირდება მხარდაჭერა.

შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში არსებულ პრობლემებზე. მინისტრმა კვლავ მიმართა თხოვნით ორგანიზაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა ტექნიკური მისიის მივლინების თაობაზე.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველო- UNESCO-ს ურთიერთობათა გააქტიურების, სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და UNESCO-ს სხვადასხა კომიტეტებსა და არჩევით ორგანოებში საქართველოს ჩართულობის ინტენსიფიკაციის აუცილებლობის საკითხებს. 

შეხვედრის დასასრულს მაია ფანჯიკიძემ ირინა ბოკოვა საქართველოში მოიწვია.