საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ ევროკომისიის ანგარიშის თაობაზე

2013 წლის 15 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა პირველი ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

კომისიამ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაფასა 10-11 ოქტომბერს თბილისში განხორციელებული ევროკავშირის ექსპერტთა მისიისა და ქართული მხარის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე. ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტების; სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დიალოგის შედეგები. საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა თითოეული ამ ფორმატის ფარგლებში წარმატებულად შეფასდა. შესაბამისად, ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ ძალიან კარგ პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის მოთხოვნების განხორციელების თვალსაზრისით. დოკუმენტების უსაფრთხოებისა და საზღვრის მართვის სფეროში შესაბამისი მოთხოვნების შესრულების მხრივ, საქართველო უკვე დასკვნით ეტაპზეა. საქართველო, ასევე, წარმატებულია იმ ვალდებულებების შესრულების კუთხით, რომლებიც უკავშირდება მიგრაციის მართვას, თავშესაფრის პოლიტიკას, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, საგარეო ურთიერთობებსა და ადამიანის უფლებებს.

ევროკომისია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხში და აქტიურად განახორციელებს გეგმის ოთხი ბლოკით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგს.