საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იუნესკოში

  იუნესკოს გენერალური ასამბლეის მე-19 სესიის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე იუნესკოს მესვეურებსა და სპეციალისტებს შეხვდნენ.

მარინე მიზანდარმა შეხვედრა გამართა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორთან კიშორე რაოსთან და იუნესკოს ევროპის სექციის ხელმძღვანელთან პეტია ტოტჩაროვასთან. შეხვედრას ესწრებოდა საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე. მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომელზე მუშაობაც კულტურის სამინისტროში უკვე დაწყებულია.

პროგრამის მიზანია მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ კონვენციის წევრი სახელმწიფოს (საქართველოს) მიერ, კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და მსოფლიო მემკვიდრეობის ქართული ძეგლების დაცვა-განვითარება. სამინისტროს ეს ინიციატივა იუნესკოს ხელმძღვანელობამ დადებითად შეაფასა და ქვეყნის ახალი მთავრობის სწორი ხედვის დასტურად მიიჩნია.მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე გამართა შეხვედრა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სექციის ხელმძღვანელთან სესილ დუველთან და ევროპის და უშუალოდ საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელთან ელენა დრობნასთან. საუბარი შეეხო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობას, ბოლო პერიოდში საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებს, სამომავლო გეგმებს და ამ სფეროში საქართველოს სამომავლო ნომინაციას, კერძოდ, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს.

გელათის საზღვრების ცვლილების დოკუმენტთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე შეხვდნენ იუნესკოს ევროპის სექციის ხელმძღვანელს პეტია ტოტჩაროვას და იუნესკოს პროგრამების ხელმძღვანელებს ალესანდრო ბალზამოსა და ანა სიდორენკოს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გელათის რენომინაციის პროექტზე, რომელიც ამ ეტაპზე დადებითად შეფასდა. ექსპერტებმა ქართულ მხარეს კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია მისცეს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას გელათის რენომინაციის დოკუმენტის სრულყოფაზე და იუნესკოს უახლესი რეკომენდაციების გათვალისწინებით, დოკუმენტი იუნესკოში, საბოლოო სახით, 2014 წლის თებერვალში გადაიგზავნება.

აღნიშნული პირველადი დოკუმენტაცია გელათის რენომინაციასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ იუნესკოში 2013 წლის ოქტომბერში გაიგზავნა.ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი იუნესკოს გენერალური ასამბლეის მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას მიერთებული წევრი სახელმწიფოების მე-19 სესიას დაესწრო. საქართველომ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წევრების არჩევნებში. კომიტეტის 21 წევრიდან 4 წლიანი ვადით, კომიტეტის 12 ახალი წევრი ქვეყანა აირჩიეს.