საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა

იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფოთაშორისი კომიტეტის მე-8 სესია საზეიმოდ 2 დეკმებერს გაიხსნა. 

„ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს“ მთელს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. ქვევრის ღვინის შექმნის ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი, მეცნიერულად დადასტურებულია, როგორც უძველესი ტექნოლოგია და საქართველო მსოფლიო მასშტაბით, უკვე აღიარებულია ღვინის დაყენების უწყვეტი, 8000 წლოვანი ტრადიციით. 

2012 წლის 19 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის N 3/85 ბრძანებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ „ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს“ მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

2012 წლის 30 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის N 257 ბრძანებულებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს „ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს“ განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კატეგორია. 

იუნესკომ კონვენცია "არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ” 2003 წელს მიიღო, რომელსაც საქართველო 2007 წელს შეუერთდა. საგულისხმოა, რომ საქართველოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნიმუშები, კერძოდ ქართული მრავალხმიანობა, ჯერ კიდევ ამ კონვენციის შექმნამდე ითვლებოდა მსოფლიო მემკვიდრეობის შედევრად.