საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო ფონდ ''SOS Talents''-ის კონცერტი

12 დეკემბერს, პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში გაიმართა საერთაშორისო ფონდის „SOS Talents“-ისა და ფრანგული კომპანიის „Dassult Group“-ის მიერ ორგანიზებული გალა კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას იღებდა 5 ახალგაზრდა პიანისტი, მათ შორის ორი ქართველი ვირტუოზი ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე.

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, რომელმაც კონცერტის დაწყებამდე სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადობას, და მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი. კონცერტის ერთერთი საპატიო სტუმარი იყო საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟისკარ დესტენი.

უკვე რამდენიმე წელია, ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს საერთაშორისო ფონდის „SOS Talents – Michel Sogny“ მეშვეობით აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ნიჭი ფართო საზოგადოების წინაშე ევროპის სხვადასხვა ქალაქში წარმოაჩინონ. მიშელ სონისა და „SOS TALENTS“-ის სახელს უკავშირდება ისეთი წარმატებული ქართველი პიანიტსების სახელები, როგორიცაა ხატია ბუნიათიშვილი, თამარ და ნათია ბერაიები, ანა გოგავა, ანა ყიფიანი, შალვა გვენეტაძე, თედო დიაკონიძე და ა.შ.

ფონდი „SOS TALENTS“ რამდენიმე წლის წინ ცნობილმა მუსიკოსმა და პედაგოგმა მიშელ სონიმ დაარსა. ფონდის ძირითადი იდეაა ახალგაზრდა ნიჭიერ პიანისტთა ხელშეწყობა საერთაშორისო სცენაზე დასამკვიდრებლად და მათი მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა. ამჟამად ფონდში ირიცხება 12 წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან, ბევრი მათგანი კი ამავე ფონდის სტიპენდიანტია. ფონდი „SOS TALENTS“ თანამშრომლობს დედოფალ ელიზაბეტის სახელობის ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსთან ბრიუსელში. ფონდის მიერ ორგანიზებული კონცერტები მრავალჯერ გადაიცა პირდაპირი ეთერით „MEZZO“-ზე.

ფონდ „SOS Talents“-ის ერთ-ერთი პირველი სტიპენდიანტი გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძეა, რომელმაც ახლახანს დააარსა ფონდი „ლირა“ საქართველოში ახალგაზრდა პიანისტების წარმოსაჩენად.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal