საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია- კონფერენციაზე ეროვნულ ასამბლეაში

28 თებერვალს, საქართველოს   თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მონაწილეობა მიიღო   პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში გამართულ კონფერენციაში თემაზე   „საქართველო, ევროპული უსაფრთხოების აქტორი". შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში ქ-ნ ეკატერინე სირაძე-დელონე.

შეხვედრა გახსნა ემანუელ დიუპუიმ  ევროპის პროგნოზირებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის (IPSE) დირექტორმა.  შესავალ სიტყვაში  თავდაცვის მინისტრი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს,  ხაზი გაუსვა საქართველოს როლსა და შესაძლებლობებს,  ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის  აუცილებლობასა და პერსპექტივას. ამასთანავე თვდაცვის მინისტრმა განმარტა  ისიც,  თუ რატომ მიიღებს მონაწილეობას საქართველოს სამხედრო მისიაში ცენტრალურ აფრიკაში. „ ეს არის გარკვეულწილად მორალური მოვალეობა ჩვენთვის, რადგან საქართველომ 90-იანი წლების დასაწყისში გამოიარა სამოქალაქო კონფლიქტი, ეთნიკური წმენდა. მაშინ ევროპის არც ერთი სახელმწიფო არ ჩარეულა ამ კონფლიქტში. დღეს, როცა ჩვენ შეგვიძლია და სადაც შეგვიძლია, მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა სამხედრო მისიებში რათა შევაჩეროთ კონფლიქტი და ავიცილოთ გენოციდი"

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი  იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს  ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას. სწორედ ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება დგამს თანმიმდევრულ ნაბიჯებს  საქართველოს არამარტო პოლიტიკური, არამედ სამხედრო თავდაცვითი სისტემის სრული ინტეგრაციისთვის ევროკავშირთან და ნატოსთან.

კონფერენციაზე ირაკლი ალასანია ასევე შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხსაც    და აღნიშნა რომ  საქართველოს მთავრობამ სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობით კიდევ ერთხელ გამოხატა ნება ითამაშოს პოზიტიური როლი რეგიონის უსაფრთხოებაში. „ ეს არის დემონსტრირება იმ ფაქტის, რომ ჩვენ არ ვუყურებთ რუსეთს როგორც მტერს, ჩვენ გვინდა დავინახოთ რუსეთი როგორც  პოტენციური პარტნიორი მომავალში. ჩვენ გეოგრაფიას ვერც შევცვლით და საქართველო და რუსეთი ყოველთვის მეზობლები იქნებიან" - აღნიშნა მან. 

 ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და  ნატოს სამოქმედო გეგმის მიღება ის აუცილებელი  ინსტრუმენტებია, რაც დაეხმარება  საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში. მინისტრის აზრით „ რუსეთი აუცილებლად შეიცვლის დამოკიდებულებას, როდესაც დაინახავს რომ საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ არის შეუქცევადი" .  აქვე აღინიშნა ევროპელი პარტნიორების მნიშვნელოვანი როლის შესახებაც  ამ  მიმართულებით.  " მხოლოდ ჩვენი აქტივობა, მხოლოდ ჩვენი ნება, საკმარისი არ არის. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ნატოს შემდგომ სამიტზე საქართველოსთვის  MAP-ის მიცემა  იქნება სწორედ ის სიგნალები, რის შემდეგაც  რუსეთი აუცილებლად შეიცვლის  დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, როგორც ეს მოხდა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან დაკავშირებით" - აღნიშნა მინისტრმა.

კონფერენციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა - საქართველოს  პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, საქართველო რუსეთის ურთიერთობა ბორდერიზაციის ფონზე,  საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობები.

შეხვედრაზე მკაფიოდ გაესვა ხაზი ფაქტს, რომ  საქართველო ხდება მნიშვენელოვანი ნაწილი ევროპის უსაფრთხოებაში  სისტემაში,  რაც განპირობებულია როგორც მისი სტრატეგიული მდებარეობით და  ასევე  სამხედრო მისიებში შეტანილი წვლილით.

 

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal