საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ცესკო საფრანგეთის მუნიციპალურ არჩევნებზე

მიმდინარე წლის 22-24 მარტს საფრანგეთში შედგა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქალბატონი თამარ ჟვანიასა და კომისიის წევრების სამუშაო ვიზიტი. ვიზიტის მიზანი იყო საფრანგეთის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებზე დაკვირვება და ფრანგული ინსტიტუციების გამოცდილების გაზიარება საარჩევნო პროცესის, მისი ორგანიზებისა და საარჩევნო კანონმდებლობის პერმანენტული დახვეწის შესახებ.

არჩევნების დღეს ქართული დელეგაცია აკვირდებოდა პარიზის მე-8 უბანში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მიმდინარე ხმის მიცემის პროცედურას, შემდეგ კი პარიზის გარეუბანში, ესონის დეპარტამენტის პატარა ქალაქ კრონში. ქალაქ კრონში გაიმართა შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსთან ბ-ნ მუჰამედ ბიდასთან, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი სამმართველოა სწორედ პასუხისმგებელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების ორგანიზებაზე. ასევე გაიმართა შეხვედრა ქალაქ კრონის მერთან, ბატონ ალენ ჟირართან, რომელიც იმავდროულად იყო საარჩევნო უბნის თავმჯდომარეც და ერთერთი კანდიდატიც.

კენჭისყრის დასრულებისას, 20.00 წუთზე ყუთის გახსნას და ხმების დათვლას დელეგაცია კვლავ პარიზის მე-8 უბანში დაესწრო. 20.45 წუთიდან კი დელეგაციას უმასპინძლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურმა საარჩევნო შტაბმა, სადაც გროვდება და ჯამდება ყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული შედეგი და საიდანაც მედია საშუალებები პირდაპირ მაუწყებლობენ არჩევნების შედეგებს. ორშაბათს, 24 მარტს გაიმართა შეხვედრა სენატში საარჩევნო საკითხების სპეციალისტთან, სენატის უფროს მრჩეველთან ბატონ მიშელ ლაფლანდრთან, მან ისაუბრა ფრანგული საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებაზე, სუსტ და ძლიერ მხარეებზე და მომავალში გასატარებელი რეფორმის აუცილებლობაზე. დელეგაციის სამუშაო ვიზიტი პარიზში 24 მარტს ამ შეხვედრით დასრულდა.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal