საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას

27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DC FTA) ჩათვლით.

დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის მხრიდან - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპოიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ასოცირების შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოს პოლიტიკურ ასოცირებას ევროკავშირთან და ეკონომიკურ ინტეგრაციას მსოფლიოში ყველაზე დიდ და სტაბილურ ერთიან ბაზარზე.


საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, სრულად იზიარებს საერთო ევროპულ ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ასოცირების შეთანხმება. შეთანხმების ხელმოწერით საქართველო იღებს ვალდებულებას, გაამყაროს კანონის უზენაესობა, გააგრძელოს მართლმსაჯულების რეფორმა, განამტკიცოს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემა და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები.

შეთანხმებით მნიშვნელოვნად გაღრმავდება საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგი, რომელშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს ევროპული სტანდარტების ეტაპობრივ დანერგვას ეკონომიკისა და დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროში - ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ტექნოლოგიების გავითარება, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონული განვითარება და სხვა. შეთანხმების მიხედვით მოხდება საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვება ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას, რასაც ქვეყანას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე სთავაზობს. ვაჭრობის ახალი შესაძლებლობები ემსახურება ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც მიიღწევა საბაჟო ტარიფებისა და ქვოტების გაუქმებისა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში კანონების, ნორმებისა და რეგულაციების ჰარმონიზაციის გზით.

DC FTA ხელს შეუწყობს სურსათის უვნებლობის სფეროში ევროპულ სტანდარტებთან ეტაპობრივ დაახლოებას; გამჭვირვალე, სტაბილური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას; საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდას; ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას; ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან დაახლოვების იმდენად მაღალ დონეს ითვალისწინებს, რომ შეუქცევადს ხდის საქართველოს ევროპეიზაციას და წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ევროინტეგრაცია ხდება საქართველოს არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტი.

საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, თანმიმდევრული ნაბიჯებით და სწორი პოლიტიკით ხელმისაწვდომი გახადოს მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ის სარგებელი და ახალი შესაძლებლობები, რომელსაც შეთანხმება ითვალისწინებს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება და შესაბამისად, ყველა ის სიკეთე, რაც მისგან მომდინარეობს, ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს ყველა მოქალაქეს ეძლევა საშუალება თანაბრად ისარგებლოს შეთანხმებით გახსნილი შესაძლებლობებით.

რეფორმების პროცესში ევროკავშირი საქართველოს გაუწევს მასშტაბურ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას, ყველა შესაბამისი ინსტრუმენტის გამოყენებით. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ისტორიული მოვლენაა, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისთვის. იგი მნიშვნელოვნად გააღრმავებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რითაც საბოლოოდ განმტკიცდება საქართველოს ევროპული არჩევანი.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ხელმოწერა მოხდა მისი პარაფირებიდან უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, რაც მიანიშნებს მხარეთა პოლიტიკურ მზაობაზე, გააღრმავონ თანამშრომლობა და გადავიდნენ ურთიერთობის ახალ ეტაპზე.

26 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა მიიღეს ასოცირების დღის წესრიგი, რომლის მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა და წარმოადგენს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას.

2014 წლის 27 ივნისი