საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან

საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას დღეს, ფრანგმა კოლეგამ ჟან-ივ ლე დრიანმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში, ოტელ დე ბრიენში უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი. მინისტრს თან ახლდა საქართველოს ელჩი საფრნაგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონე.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. კოლეგები უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტის მნიშვნელობასაც შეეხნენ. ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე საფრანგეთის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. „საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოში. ის არის მხარდამჭერი, რომ ჩვენ გვქონდეს ისეთი შეიარაღება, რომელიც იმ გამოწვევების ადეკვატურია, რაც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებობს. თავდაცვის მინისტრმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მისიაში ჩვენი მონაწილეობისთვის დიდი მადლობა გადაგვიხადა. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობი კიდევ უფრო გამყარდება, გაღრმავდება და ყოვლისმომცველი გახდება" - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ: „უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. განხილული იქნა მსოფლიოში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხები. აფრიკაში ერთობლივ ოპერაციაში მონაწილეობისთვის მადლობა მივიღეთ. რაც მთავარია, უაღრესად მაღალ დონეზე დაისახა ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის განვითარება".

 

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal