საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელისო ბოლქვაძე "იუნესკოს მშვიდობის ხელოვანი" გახდა

france/a5086f3745.jpg

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ირინა ბოკოვამ, პარიზში მცხოვრებ გამოჩენილ ქართველ პიანისტს, ელისო ბოლქვაძეს მიანიჭა "იუნესკოს მშვიდობის ხელოვანის" წოდება. 2015 წლის 22 იანვარს, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია, სადაც სიტყვით გამოვიდნენ იუნესკოს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა, საქართველოს ელჩი, იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ეკატერინე სირაძე-დელონე და ელისო ბოლქვაძე. 

აღსანიშნავია, რომ ელისო ბოლქვაძე არის პირველი ქართველი ხელოვანი, რომელსაც იუნესკოს მშვიდობის ხელოვანის წოდება მიენიჭა. დღეიდან იგი მჭიდროდ იქნება ჩართული იუნესკოს საგანმანათლებლო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტის ზონაში ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას და ამ ბავშვების სოციალურ რეინტეგრაციას.

ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები, საფრანგეთში აკრედიტებული ელჩები, იუნესკოში მუდმივი წარმომადგენლები, უცხოეთის ქვეყნების დელეგაციებისდა ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე პარიზში მცხოვრები ქართველი ხელოვანები და დიასპორის წარმომადგენლები.

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა მიღება-კოქტეილი საქართველოს საელჩოსა და იუნესკოში საქართველოს დელეგაციის სახელით.

ელისო ბოლქვაძე დაიბადა საქართველოში. 7 წლის ასაკში გამართა პირველი კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რასაც მალე მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება და აღიარება მოჰყვა. ელისო ბოლქვაძე სწავლობდა თბილისის ნიჭიერთა ათწლედში, შემდეგ კი თბილისის კონსერვატორიაში. პიანისტის შემოქმედების ბოლო წლები ავსტრიასა და საფრანგეთში უკავშირდება ცნობილ მუსიკოსს და პედაგოგს - მიშელ სონის, რომელთანაც ელისო ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდ „SOS  Talents"-ის პროექტში. ელისო ბოლქვაძე არის მრავალი ცნობილი პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. პიანისტი კონცერტებს მართავს მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში - ევროპას, ამერიკასა და რუსეთში. იგი თანამშრომლობს გამოჩენილ დირიჟორებთან. ხშირად იწვევენ სიმფონიური სეზონების გასახსნელად საზღვარგარეთ  და ასევე საერთაშორისო ფესტივალებზე. ახლახან ელისო ბოლქვაძემ დააარსა საქველმოქმედო ფონდი „ლირა", რაც მიზნად ისახავს ქართველი, ნორჩი ტალანტების აღმოჩენას და ხელშეწყობას. 

 

ცერემონიალის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე